ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი: როდესაც ბრალდებული მიზანმიმართულად არ ასრულებს სასამართლოს განჩინებას, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით

სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძვლები, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ბრალდებული არ ახორციელებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და არღვევს კანონმდებლობას, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი.

„სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძვლები. ბუნებრივია, ბრალდებული როდესაც არ ახორციელებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას, არღვევს კანონმდებლობას, უგულებელყოფს სასამართლოს განჩინებას, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი და ეს არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების ბუნებრივი ლეგიტიმაციის დარღვევა, აქედან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და სასამართლომ სწორად შეაფასა და შეუფარდა მას პატიმრობა.

ჩვენ აქ პერფორმანსი ვიხილეთ ადვოკატების, რომელიც პროცესის დაწყებიდანვე ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას დაწყებული შუამდგომლობიდან, რომელსაც ისინი აყენებდნენ, ამის შემდგომ დემონსტრაციულად დატოვეს მათ დარბაზი, ბრალდებული განზრახ ჩააყენეს ამ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ იურისტები არიან და იაზრებენ, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

სასამართლომ სწორად იმსჯელა აქაც, როდესაც სახაზინო წესით არ დაუნიშნა მას ადვოკატი, ვინაიდან ამასაც სჭირდება კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესი და პროცედურა და ამის შემდგომ, ბუნებრივია, პროცესი სრულიად სამართლიანად გაგრძელდა, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან არ იყო სავალდებულო დაცვა“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები