სოსო მანჯავიძე: კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ დარჩენა „ქართული ოცნების“ ელექტორატს შეამცირებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი დეპუტატი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციაში დარჩენა „ქართული ოცნების“ ელექტორატს შემცირებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის, მაშინ ის აუცილებლად მოიპოვებს მოსახლეობის მხარდაჭერას. აღნიშნულის შესახებ მან დღეს პორტალ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„რესპუბლიკური პარტიის“ დარჩენა კოალიციაში გამოიწვევს „ქართული ოცნების“ ელექტორალური რესურსის მკვეთრ შემცირებას. უნდა გვესმოდეს სიტუაცია: მოსახლეობის დიდი ნაწილი – 60-70% არ აპირებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. არსებული პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე ხალხის ეს ნაწილი საერთოდ ვერ ხედავს თავისი შეხედულებების რეალიზაციის საშუალებას.
შესაბამისად, მთავარი პრობლემა ახლა არჩევნების მოგება კი არა, უბრალოდ ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს კონკურენტები. ავიღოთ რეალური სიტუაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი 10-12 % აქვს. ისიც თუ აიღო, ძალიან საეჭვოა. დანარჩენ პოლიტიკურ ობიექტებს რაც შეეხება, რა იმედებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ფინანსური, ორგანიზაციული, იდეოლოგიური თუ პიროვნული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ, რომ მმართველ ძალას დაუპირისპირდნენ. კლასიკური ტიპის პარტიების არსებობა ისტორიურლი მიზეზების გამო წრმოუდგენელია. შესაბამისად, ასეთ დროს არჩევნებს ყოველთვის იგებს ადმინისტრაციული რესურსი და მამართველი ძალა“,- განაცხადა მანჯავიძემ.
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი მიიჩნევს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, „ქართულ ოცნების“ შანსი კიდევ უფრო გაიზრდება და ის მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვებს. ამაში კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
„ქათულ ოცნებას“ არჩევნებში მარტო გასვლის შემთხვევაში აქვს შანსი, რომ კვლავ მოიპოვოს მოსახლეობის მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ცხადია, იმუშვებს, ასევე – კვირიკაშვილის ფაქტორიც, რომელმაც სერიოზული პოლიტიკური წონა შეიძინა. მას ჯერჯერობით ვერ მოუნახეს ვერანაირი მიზეზი გასაკრიტიკებლად, თვით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც კი. ასეთ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ძალიან დიდი წარმატების მიღწევა“,- განაცხადა მანჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები