საგურამოს სარწყავ სისტემას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნუგზარ ყიფიანი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა საგურამოს სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საგურამოს მაგისტრალური არხის 17 კმ-ს, გამანაწილებელი ქსელის 12 კმ-ს და მათზე მდებარე ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (დიუკერები, გალერეები, წყალგამშვები კვანძები). საგურამოს სარწყავი სისტემა სათავეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის ტერიტორიაზე იღებს და სოფელ საგურამომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ საგურამოს მაგისტრალური არხის განშტოებები მოპირკეთდება თანამედროვე კომპოზიტური მასალით, რომლის დანერგვასაც კომპანია საირიგაციო სისტემებზე გეგმავს. აღნიშნული მასალა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სარწყავ არხზე კომპანიამ უკვე გამოსცადა. “სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად, მთლიანად აღდგება საგურამოს სარწყავი სისტემა, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. წყლით უზრუნველყოფილი გახდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბიწმენდის, წინამძღვრიაანთკარის, ჯიღაურას და საგურამოს 1164 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი”, – განაცხადა შალვა ფიფიამ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “მამისონი” ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 6 365 000 ლარი. აღნიშნული სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. დღეისათვის, უკვე შესრულებულია 2 515 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია და სარწყავი სეზონის დამთავრებისთანავე დაგეგმილია მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც ბოლო 25 – 30 წელია არ ჩატარებულა. 2013 წელს სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღეისათვის, გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 1291.5 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი.