CSDP-ის მაღალი დონის კონფერენცია გრძელდება

საქართველოში კიბერსუსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები, მიგრაციის კუთხით ბოლო წლებში გატარებული რეფორმები, ასევე მიგრაციასა და “ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას“ შორის არსებული კავშირები განიხილეს “ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ მაღალი დონის კონფერენციის (1st CSDP High Level Conference) მესამე დღეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შეუქცევადი ტენდენცია.

“ჩვენთვის მთავარი იყო ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს შორის, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის – თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისების პრევენცია, კრიზისების მართვა. ასევე, ჰიბრიდულ და სხვა სახის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ მიგრაციის კუთხით საქართველოში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემატიკაზე საერთაშორისო ფორუმების ჩატარება, რადგან საქართველოზე გავლენას ახდენს ის პროცესები, რაც მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ევროპულ კავშირში და მის ირგვლივ მიმდინარეობს.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის წარმომადგენლის მოსმენა, თუ რას აკეთებს ამ მიმართებით ევროპული კავშირი. ასევე, მიგრაციის კომისიის ფარგლებში ჩვენი მიდგომების, ჩვენი ძალისხმევის გაზიარება, რომელიც აბსოლუტურ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და იმ კრიტერიუმებთან, რაც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველმა გიორგი ტიელიძემ საქართველოში არსებული კიბერსუსაფრთხოების გარემო მიმოიხილა.

“საქართველომ ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს ეხება როგორც ინსტიტუციური შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე ამ კუთხით უსაფრთხოების გარემოს განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში საქართველომ სისტემურად მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების საკითხები როგორც კიბერუსაფრთხოების სტრატეგიით, ასევე საფრთხეების შეფასების დოკუმენტით, სადაც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები. ამის საფუძველზე, უკვე აქტიურად მიმდინარეობს ამ ტიპის საფრთხეების და გამოწვევების აღკვეთა და გარკვეულ შემთხვევებში მათი საზიანო შედეგების მინიმიზაცია“, – გიორგი ტიელიძემ.

საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველმა მარიამ ჭუმბაძემ.

“ვისაუბრეთ 2013 წლის შემდეგ განხორციელებულ აქტივობებზე. როგორც სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების მაკოორდინირებელმა უწყებამ, ფოკუსირება მოვახდინეთ სამოქალაქო მისიებზე. ვისაუბრეთ, იმ კანონქვემდებარე ნორმებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემუშავდა და ქართულ კონტიგენტს კრიზისების მართვის სამოქალაქო მისიებში მონაწილეობის საშუალება მისცა“, – განაცხადა მარიამ ჭუმბაძემ.

სამდღიან კონფერენციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველომ პირველად უმასპინძლა. საერთაშორისო ფორუმი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროკავშირის მისიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები