ეგვიპტის შემდეგ, რუსეთი თურქეთსა და ტუნისში ფრენების აკრძალვას არ გამორიცხავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოში მხარს უჭერენ თურქეთსა და ტუნისში რუსი ტურისტების ფრენების აკრძალვას. საკანონმდებლო ორგანოში მაიჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია ტურისტების ნაკადის გადართვა რუსეთის კურორტებზე.
„თურქეთი და ტუნისი მასობრივი ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მაგრამ ორივე ქვეყანაში უსაფრთხოება აშკარად არ არის სათანადო დონეზე“, – განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა.
მისი თქმით, ამ ქვეყნებში სერიოზული ტერაქტების რაოდენობა გაიზარდა, რომელშიც, ძირითადად, ევროპელი ტურისტები ზარალდებიან. „ჩვენ ეგვიპტის აეროპორტებში – კაიროში, ალექსანდრიაში, შარმ-ელ-შეიხში უსაფრთხოების მხრივ საშინელ მდგომარეობაში უკვე დავრწმუნდით. რუსეთისთვის მთავარი ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და არა ამ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტების შევსება“, – განაცხადა მოროზოვმა.
გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის მთავრობაში განიხილება არა მარტო ეგვიპტეში, არამედ სხვა ქვეყნებში ფრენების აკრძალვა. საუბარია ისეთ სახელმწიფოებზე, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მოგვიანებით რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა ეს ინფორმაცია უარყო. მან აღნიშნა, რომ აკრძალვების ნაცვლად შიდა ტურიზმის განვითარებაა დაგეგმილი. როგორც ჩანს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებაში მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები