რუსეთი სომხეთთან ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემას ქმნის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთთან ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამისი ბრძანებულება მან ოთხშაბათს გამოაქვეყნა.
როგორც რადიო „სპუტნიკს“ პოლიტოლოგმა სერგეი მინასიანმა განუცხადა, ერთიანი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთის სამხრეთით მდებარე საკმაოდ დიდი სივრცის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
„სომხეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო, რადიოსალოკაციო სისტემების, ასევე ავიაციის განთავსება რუსეთის საზღვრების სამხრეთით ტერიტორიის დაფარვის საშუალებას იძლევა. ამ ტერიტორიაში ახლო აღმოსავლეთიც შედის“, – განაცხადა მინასიანმა.
მისი თქმით, სომხეთის და რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები ერთობლივ პატრულირებას დღესაც აწარმოებენ, მაგრამ ერთიანი სისტემის შექმნა მას უფრო ეფექტურს გახდის.