აშშ მზად არის, უკრაინას კორუფციასთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარი გამოუყოს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და უკრაინის ხელისუფლების ინიციატივა კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„აშშ-ს ვიცე-პრემიერმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა უკრაინისთვის მესამე საკრედიტო გარანტიის გამოყოფის შესახებ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს თანხა უნდა მოხმარდეს კორუფციული საქმეების გამოძიებას და ასევე უკრაინაში საგადასახადო რეფორმის გაგრძელებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შესაბამისად“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
ბაიდენმა და პოროშენკომ ასევე განიხილეს მინსკის შეთანხმებების რეალიზება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სეპარატისტებმა უნდა შეასრულონ ვლადიმერ პუტინის დაპირება, რომელიც მან 2 ოქტომბერს პარიზში გააკეთა დონბასის მთელ ტერიტორიაზე ეუთოს მისიის შეუზღუდავი საქმიანობის შესახებ.