ლუიზიანაში პოლიციელებმა ექვსი წლის ბავშვი მოკლეს
აშშ-ს ლუიზიანას შტატში პოლიციელებმა შემთხვევით ექვსი წლის ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სროლის დროს ასევე მძიმედ დაიჭრა ბავშვის მამა.
ინციდენტი ქალაქ მარკსვილში მოხდა. პოლიციის ინფორმაციის მიხედვით, მძღოლი კრის ფიუ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პოლიციამ დევნა დაიწყო, რომლის დროსაც ფიუ მანქანით ჩიხში შევიდა. ამის შემდეგ მან ავტომობილი შემოაბრუნა და პოლიციელებისკენ დაიძრა. სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც დაიღუპა მგზავრი – ფიუს შვილი ჯერემი მარდისი.
მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვი მრავლობითი ჭრილობების გამო გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, ის ცეცხლის ხაზზე შემთხვევით აღმოჩნდა. ჯერჯერობით დასკვნა არ დაუდვიათ, თუ რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ.