ეგვიპტის პრეზიდენტი ჩამოგდებულ თვითმფრინავზე „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებას პროპაგანდას უწოდებს
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ას-სისიმ „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებას, რომელმაც რუსული ავიალაინერის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო, „პროპაგანდა“ უწოდა.
„ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სინაის ნახევარკუნძულზე A-321-ის ავარიის მიზეზებზე დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.
„ამ კატასტროფის გამოძიებაში ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მაგრამ პროპაგანდისტული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ „ ბოევიკებმა“ ჩამოაგდეს, რეგიონში მდგომარეობის დესტაბილიზაციისთვის და ეგვიპტის იმიჯის შესალახად არის მიმართული. მერწმუნეთ, რომ ქვეყნის ამ ნაწილში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავმა, რომელიც შარმ-ელ შეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით რეისს ასრულებდა, კატასტროფა 31 ოქტომბერს განიცადა. დაიღუპა მის ბორტზე მყოფი 224-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი.