მოსკოვი-ერევნის ავტობუსის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ტულის ოლქში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი მოსკოვიდან ერევანში მიდიოდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ შინაგან საქმეთა საოლქო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 35 მგზავრი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედია სოფელ ილინკასთან მოხდა. „მოსკოვი-ერევნის რეისის ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
Hyundai-ს მარკის ავტობუსში 59 მგზავრი იმყოფებოდა, ძირითადად, სომხეთის მოქალაქეები. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ორ ვერსიას განიხილავს – პირველის მიხედვით, მძღოლს შეიძლებოდა საჭესთან ჩასძინებოდა, ხოლო მეორის მიხედვით – ტრანსპორტი გაუმართავი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები