ხურგადის აეროპორტმა რუსულ თვითმფრინავს გაფრენის საშუალება არ მისცა – რა მოხდა ეგვიპტეში (ფოტოკოლაჟი)
გასაფრენად მომზადებული 220 მგზავრი რუსული თვითმფრინავიდან ეგვიპტის აეროპორტში დააბრუნეს. კურორტ ხურგადის აეროპორტმა, რუსეთის ქალაქ პერმში მიმავალ თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა.
კომპანია „ურალის ავიახაზების“ ლაინერს ტექნიკური გაუმართაობა დაუდგინდა. ყველა მგზავრი თვითმფრინავიდან Airbus А321 ჩამოსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, „ურალის ავიახაზების“ ეკიპაჟი ასაფრენად ემზადებოდა, თუმცა რა ტექნიკური გაუმართაობა აღმოჩნდა თვითმფრინავში, დეტალები მგზავრებს არ გააცნეს. ცნობილი ხდება, რომ ხურგადის აეროპორტის ადმინისტრაციამ ლაინერი სარემონტოდ სპეციალურ ბოქსში გადაიტანა. 220 მგზავრი აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ სასტუმროში დააბანაკეს, რეისი კი სხვა დროისთვის გადაიდო. „ეკიპაჟი ასაფრენად მზად იყო, მაგრამ ეგვიპტელებმა გაფრენის საშუალება არ მისცეს მას. მათ ჩვენ გამო უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე თავად ჩვენებს. ჩვენი მეთაური მთელი ამ ხნის განმავლობაში ზღაპრებს გვიყვებოდა, რომ სადღაც 20 წუთში გავფრინდებოდით. ამასობაში ეგვიპტელებმა თვითმფრინავის ბორბალს ბაგირი გამოაბეს და სპეციალური მანქანებით ასაფრენი ბილიკიდან გაათრიეს, რათა ჩვენს პილოტს აფრენა არ განეხორციელებინა“, – მისწერა რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა თავის ქალიშვილს.
„თვითმფრინავი არის კარგ მდგომარეობაში“, – აცხადებენ „ურალის ავიახაზებში“. ავიაკომპანიიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ განუცხადეს, რომ ეს რეისი ხურგადიდან 11:35 წუთზე უნდა აფრენილიყო და პერმში კი 17:35 წუთზე უნდა დაშვებულიყო. მომხდარის სხვა დეტალებზე კომპანიაში არ საუბრობენ.
ორი დღის წინ, 31 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალმა ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. საერთო ჯამში – 224 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქ იყო. კატასტროფის მიზეზებს ეგვიპტური და რუსული მხარე ამ დრომდე იძებენ.
დღეს, დილის 6:60 წუთზე სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, ავიაკატასტროფისას დაღუპულთა 144 ცხედარი გადაასვენეს, გარდაცვლილთა გვამებს მეორე თვითმფრინავით მოსკოვის დროით საღამოს 21:00 საათზე გადაასვენებენ.