აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა
აზერბაიჯანში, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია „ახალმა აზერბაიჯანმა“ გაიმარჯვა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ პროპრეზიდენტულ პარტიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ილჰამ ალიევის პარტიის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან მილი მეჯლისის არჩევნებს ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ მთავრობა კრიტიკის ჩახშობაში და ოპოზიციონერების დაპატიმრებაში დაადანაშაულეს.
„ქვეყანაში არ არის შესრულებული ნახევარი პირობებიც კი, რაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების ამ „იმიტაციაში“ არ მონაწილეობენ და ამით მათ ლეგიტიმურობას არ შესძენენ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას არ დააკვირდება, ვინაიდან „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მათ მუშაობაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა“.