„კომერსანტი“ – „კოგალიმავიას“ ავიალაინერი შესაძლოა, ბომბის აფეთქების გამო ჩამოვარდა – ვიდეო
რუსული სამგზავრო თვითმფრინავის A321-ის ავარია შესაძლოა, ბომბის აფეთქების გამო მოხდა. ასეთი ვერსია გამოთქვა ერთ-ერთმა სპეციალისტმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
„ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თანამედროვე რუსული ავიაციის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა სალონის ჰერმეტულობის დარღვევის გამო მოხდა – ლაინერის კორპუსი დიდ სიმაღლეზე წნევის მოულოდნელი ცვლილების გამო გაიხლიჩა. ფიუზელაჟის ჰერმეტულობის დარღვევა ბომბის აფეთქებას შეეძლო“, – წერს გამოცემა.
გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი ეგვიპტეში მომხდარ კატასტროფას 1988 წელს კომპანია Pan American-ის ლაინერ „ბოინგ747“-ის კატასტროფას ადარებს. მაშინ 270 ადამიანი დაიღუპა. გამოძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმფრინავის ყველა ფრაგმენტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ფიუზელაჟის ერთ-ერთ ნაწილში რკინა გარეთ იყო ამოღუნული. ამის შემდეგ დადგინდა, რომ სალონში მცირე ზომის ბომბი აფეთქდა, რომელიც ჩემოდანში იყო დამალული.
„როსავიაციის“ დიორექტორმა ალექსანდრე ნერადკომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დიდ სიმაღლეზე ნაწილებად დაიშალა. ამაზე ლაინერის ნამსხვრევები მეტყველებს, რომლებიც 20 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩამოვარდა. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ავიალაინერს შეიძლება ჰაერში ცეცხლი გასჩენოდა.