პატრიარქი კირილი: ვლოცულობთ, რათა უფალმა არ დასაჯოს ჰელოუინის მოზეიმეები გლოვის დღეს
„ვლოცულობთ, რათა უფალმა არ დასაჯოს ის მოზეიმეები, რომლებიც საყოველთაო გლოვის დღეს ჰელოუინს აღნიშნავენ“,- ამის შესახებ სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.
რუსეთის პატრიარქი შეშფოთებულია იმ ადამიანთა საქციელით, ვინც ეგვიპტეში მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის და მისგან მიყენებული მსხვერპლის მიუხედავად, ღამის კლუბებში ერთობა და ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს.
„ვილოცებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ღმერთმა არ დასაჯოს. აგრეთვე იმისთვისაც, რომ მოსახლეობის გულებში სიყვარულმა და საკუთარი თანამოქალაქეების თანაგრძნობის განცდამ დაისადგუროს, რათა ფულის შოვნის არავითარმა სურვილმა, ხალხს არ მისცეს ის თავისუფლება, რომელიც ყოველგვარ ზღვარს გადაკვეთს“, – განაცხადა კირილმა.
როგორც რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავით გამოწყვეული ტრაგედია, რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ავიაკატასტროფას წარმოადგენს. მან მოიხსენია ის 224 ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ჯანმრთელები და სიცოცხლით აღსავსე იყვნენ, ასევე ის მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც დასვენებით მიყენებული სიამოვნებით, გახარებულნი და ბედნიერნი საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ და იქამდე ვეღარ მიაღწიეს.
„ალბათ მხიარულად საუბრობდნენ, იხსენებდნენ მათ შვებულებას, ყვებოდნენ დასვენების ამბებს. და უცებ ეს ყველაფერი ტრაგიკულად შეწყდა. მათ ადგილზე ამ თვითმფრინავში, შესაძლოა, ყოველი ჩვენგანი ყოფილიყო“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
კირილის განცხადებით, ეგვიპტეში მომხდარ ტრაგედიას გულგრილი არავინ დაუტოვებია. ამიტომაც დღეს, რუსეთის ყველა ეკლესიასა და მონასტრებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისები ჩატარდა, სადაც მოულოდნელად გარდაცვლილთა სულებისთვის, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ილოცეს, რომელთათვისაც მომხდარი ყველაზე მტკივნეულად გადასატანია.
ეგვიპტეში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფას 227 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი ემსხვერპლა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. დაღუპულთა უმრავლესობა ეგვიპტელმა მაშველებმა უკვე იპოვეს და ცხედრები კაიროს მორგში გადაასვენეს. რუსული ავიალაინერი კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან მოფრინავდა და რუსი დამსვენებლები მოჰყავდა. აფრენიდან 25 წუთის შემდეგ, თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და ლაინერმა სინას მთაზე, ეგვიპტის უდაბნოში კატასტროფა განიცადა.