აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დღეს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
125-ადგილიან მილი მეჯლისში მანდატის მოსაპოვებლად 15 პოლიტიკური პარტიითა და ერთი გაერთიანებული ბლოკით წარმოდგენილი 676 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მათ შორისაა „დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭო“ და “დემოკრატიული პარტია”.
ოპოზიციური ალიანსის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში არ გატარებულა შესაბამისი ზომები, რის გამოც ალიანსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
არჩევნებში დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ.
აზერბაიჯანში საარჩევნო პროცესს მონიტორინგს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაცია და დსთ-ს სადამკვირვებლო მისია გაუწევს, რომელმაც სპეციალურად არჩევნებისთვის ქვეყანაში 70-მდე დამკვირვებელი გაგზავნა.
არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებას სულ 5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი შეძლებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები