რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული – ფედერაცია ავიაკატასტროფისას დაღუპულებს გლოვობს (ფოტო, ვიდეო)
რუსეთი ეგვიპტეში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობს. ფედერაციაში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფო უწყებების შენობების თავზე დაშვებულია დროშები. გადაიდო ყველა სახის გასართობი ღონისძიება, მათ შორის ტელე და რადიო გადაცემები. რუსეთის ტელეკომპანიების ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხის ავბედით რეისს გუშინ 224 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 27 ბავშვი. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. დაღუპულთა შორის რუსეთის 13 რეგიონის მცხოვრებნი არიან, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა- 127 ადამიანი ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან იყო. აქ გლოვის დღე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ეგვიპტეში, ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო და საგამოძიები სამუშაოები. მაშველებმა ცხედრების უმეტესობა უკვე იპოვეს. გვამები წუხელ კაიროშოს მორგში გადაასვენეს. ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები ეგვიპტურმა და დასავლურმა მედიამ უკვე გაავრცელა. საზარელ კადრებში ასახულია ნაფლეთებად ქცეული თვითმფრინავი, რომლის პირვანდელი სახით ამოცნობაც რთულია.
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან გუშინ დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 224 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. ასევე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს. „ფრანს პრესმა“ გუშინ ინფორმაციაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსული ავიალაინერის ჩამოგდებაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
https://www.youtube.com/watch?v=mDOa-Glc3fk
https://www.youtube.com/watch?v=ghsLV7W2XOU
https://www.youtube.com/watch?v=LmVIFxUMCmk
https://www.youtube.com/watch?v=vTewiwJLe9Q