ვენაში გამართული მოლაპარაკების მონაწილეები სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

ვენაში სირიის საკითხზე გამართული მოლაპარაკების მონაწილეები სირიაში ძალადობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ვენაში, პარასკევს გამართულ მოლაპარაკებაზე ჩინეთმა, ეგვიპტემ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ირანმა, ერაყმა, იორდანიამ, ლიბანმა, ომანმა, კატარმა, რუსეთმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, ასევე ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა განიხილეს სირიაში შექმნილი რთული სიტუაცია და ძალადობის დასრულების გზები.
შეთანხმება 9 პუნქტისგან შედგება:
1. სირიის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოს საერთო მოწყობა.
2. სახელმწიფო დაწესებულებები ხელშეუხებლები დარჩებიან.
3. ყველა სირიელის უფლება ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიის მუხედავად დაცული უნდა იყოს.
4. ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს.
5. სირიის მთელ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საშუალება უნდა შეიქმნას, ხოლო შეხვედრის მონაწილეები ლტოლვილების და მათი მიმღები ქვეყნების დახმარებას გაზრდიან.
6. „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც ეს დადგენილია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, უნდა დამარცხდეს.
7. გაერომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ომის დასრულებას, ხოლო შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს მსოფლიო სტანდარტების მიხედვით.
8. სირიის მომავალს სირიელი ხალხი გადაწყვეტს.
9. მოლაპარაკების მონაწილეები გაეროსთან ერთად საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტას და პოლიტიკური პროცესის დარეგულირების შესაძლებლობას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები