სირიის ხელისუფლებაში ბაშარ ასადის დროებით დარჩენას აშშ დათანხმდა
თეთრი სახლი სირიაში გარდამავალ ეტაპზე ქვეყნის ხელისუფლებაში ბაშარ ასადის დარჩენას დათანხმდა. ამ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ თეთრ სახლში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აქამდე ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ ასადის წასვლის გარეშე სირიის კრიზისის მოგვარება შუეძლებელია. ასე, მაგალითად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ასადი „ვერანაირად ვერ იქნება სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელი“.
ახლა კი აშშ-ს მთავრობაში აცხადებენ, რომ ასადი, შესაძლოა, უფრო გვიან წავიდეს. გარდამავალი ეტაპი შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკება ვენაში პარასკევს გაიმართება. გამოცემის ცნობით, ბაშარ ასადის წასვლის კონკრეტული ვადები თეთრმა სახლმა იმიტომ არ დაასახელა, რომ ვენის მოლაპარაკების მონაწილეებს „მანევრების“ შესაძლებლობა ჰქონდეს. ბოლო დღეებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაააქტიურა დისკუსიები ასადის ძირითად მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან, თურქეთთან და კატართან. აშშ სირიის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს. ოთხშაბათს ვენაში გაიმართა აშშ-ს, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრა. მასში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.