ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს 31 ოქტომბრიდან გააუქმებს

ევროკავშირი ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს 31 ოქტომბრიდან გააუქმებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ბელორუსიის 170 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის 29 თებერვლამდე გაუქმდება. 2015 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა განაცხადა, რომ სანქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო მიღებული.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება ბელორუსიაში რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლების და ჩატარებული არჩევნების შემდეგ მივიღეთ, რომელიც საკმაოდ ნორმალურ ატმოსფეროში გაიმართა. თუმცა ჩვენ დამკვირვებლების უფრო ზუსტ დასკვნას ველოდებით“, – განაცხადა დეზირმა.
2015 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ ექვსი ბელორუსი ოპოზიციონერი შეიწყალა, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელსაც 2011 წელს მასობრივი არეულობის ბრალდებით 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები