სირიაში რუსი სამხედრო დაიღუპა

ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით დაადგინეს, რომ სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს 19 წლის ვადიმ კოსტენკოა, რომელიც სირიაში კონტრაქტით მსახურობდა. რუსულ სააგენტო „რბკ“ -ს სამხედროს დაღუპვის ინფორმაცია მისმა ნათესავებმა დაუდასტურეს.
თავდაპირველად კოსტენკოს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მისმა მეგობრებმა და ნათესავებმა გაავრცელეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვადიმ კოსტენკო მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს დაიღუპა.
The Wall Street Journal-მა 23 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით სირიაში რუსი სამხედროს დაღუპვა თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ამასთანავე, სამხედრო უწყების წყარომ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მოქმედებების დროს არ დაღუპულა, არამედ იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო.
რუსულ ბაზაზე უბედური შემთხვევის შესახებ ვერსიას სირიელი აქტივისტების ინფორმაციაც ადასტურებს, რომლებმაც ლატაკიასთან ახლოს მდებარე რუსულ ავიაბაზაზე ძლიერი კვამლი დააფიქსირეს.
Conflict Intelligence Team-ის ინფორმაციით, ვადიმ კოსტენკოს რამდენიმე დღეში კრასნოდარის მხარის სოფელ გრეჩანაია ბალკაში დაკრძალავენ.
მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედრომ თავი მოიკლა.
„სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ხმეიმის ავიაბაზაზე ტექნიკურ სპეციალისტად მუშაობდა, მორიგეობის შემდეგ თავი მოიკლა. ამჟამად ამ ტრაგედიის ყველა დეტალის გამოძიება მიმდინარეობს“, – განუცხადეს თავდაცვის სამინისტროში სააგენტო „ტასს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები