აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნებზე 500 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩადის

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგისთვის 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას მილი მეჯლისი ავრცელებს.
არჩევნები 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის 125 ადგილის დასაკავებლად 769 კანდიდატი იბრძოლებს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ოქტაი ასადოვმა განუცხადა, დსთ-ს ქვეყნებიდან ჩავა 20 დამკვირვებელი, 43 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და კიდევ 27 – ევროკავშირიდან.
ასევე, მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურომ უარი განაცხადა არჩევნების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე.
„ამ ორგანიზაციამ გამოგვიგზავნა წერილი იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანში გეგმავენ 400 დამკვირვებლის გაგზავნას. ჩვენ ერთადერთი კითხვა დავუსვით – რატომ 400, სად არის თქვენი მეთოგოლოგია? ჩვენთან 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 400 დამკვირვებელს აგზავნით, უკრაინაში ცხოვრობს 45 მილიონი და ასევე 400-ს აგზავნით, თურქეთში 80 მილიონი ცხოვრობს, თქვენ კი იქ 18 ადამიანი გააგზავნეთ“. – განაცხადა ასადოვმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ ამ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანში დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის იმის გამო, რომ იქ მათ მისაღებად მზად არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები