თამაზ მეჭიაური: მარგველაშვილმა წინასაარჩევნო დაპირება 5-იანზე შეასრულა
გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო დაპირება, კოჰაბიტაციის დასრულების შესახებ, 5-იანზე შეასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
როგორც მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან” აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი გახდა თუ არა პრეზიდენტი, მყისიერად „ნაციონალების“ შინაურ ლიდერად იქცა.
„დღეს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაქცეულია და თავისი პარტიის საგარეო ლიდერია. აქაც ხომ უნდოდათ ამათ ლიდერი, ჰოდა, ამ მისიას მარგველაშვილი კარგად ასრულებს. კოჰაბიტაცია ჩვენც უნდა დავასრულოთ, ოღონდ სხვანაირად“, – აცხადებს დეპუტატი.
თამაზ მეჭიაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „მარგველაშვილსაც მოუვლიდნენ“.
„რა სისულელეა?! ასეთ განცხადებას როგორ გავაკეთებდი. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მატყუარა სააგენტომ გაავრცელა, რაღაც აჟიოტაჟის გამოწვევა უნდოდათ. მარგველაშვილის მიმართ ჩემს პოზიციას ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ, მაგრამ მსგავსი სისულელე არასდროს მითქვამს. ანდა მე რატომ უნდა მოვუარო მაგას? პრეზიდენტს ისტორია და ამომრჩეველი მოუვლის.
რაც შეეხება მისი შესაძლო გადაყენების მოთხოვნას, გადადგომის სურვილი, წესით, თავად გიორგი მარგველაშვილს უნდა გაუჩნდეს. ჩვენ ამ მოთხოვნით არ გამოვალთ, თუმცა მისი ქმედებებითა და განცხადებებით უკმაყოფილონი ვართ“, – აცხადებს მეჭიაური. მისივე თქმით, უმრავლესობა არც იმპიჩმენტის დაყენებას გეგმავს.
„იმპიჩმენტი ისეთ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რომ მის დაყენებას აზრი არა აქვს. ეს პროცედურა რომც დაიწყოს, ბოლოს მაინც გამარჯვება მარგველაშვილსა და ნაციონალებს დარჩებათ. საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, იქ კი ამათი კაცია. გიორგი პაპუაშვილს ვგულისხმობ. რასაც „ნაციონალები“ ეტყვიან, პაპუაშვილი იმას შეასრულებს. ყოფილ ხელისუფლებას დღეს ძალიან სჭირდება მარგველაშვილი. ის თავს არ ზოგავს საიმისოდ, რომ მათთვის საჭირო კაცი გახდეს. ახლა უკვე მშვიდობის მტრედობის დაბრალებაც დაიწყო. მისი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავდა? იმ განცხადებას სხვა ქვეტექსტები ჰქონდა, მაგრამ, მთავარი ის იყო, მე ვარ მშვიდობის მტრედიო. მარგველაშვილს თუ დაუჯერებს კაცი, ქვეყანა, შესაძლოა, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდეს და თურმე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაძაბულობას უწყობს ხელს“, – მიიჩნევს დეპუტატი.