ირაკლი ბათიაშვილი: გეგმის თანახმად, უკრაინიდან საქართველოში მეომრების შემოყვანა იგეგმება

„ნაციონალებშიც“ არიან ადამიანები, რომლებიც არეულობის წინააღმდეგ არიან, მაგრამ იქ არის რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ამის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობს, – ამის შესახებ უშიშროების ექსმინისტრმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
როგორც ბათიაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ აღნიშნა,დავალებებს ისინი მიხეილ სააკაშვილისგან იღებენ.
„ნაციონალებმა“ დესტაბილიზაციის მოსაწყობად რამდენიმე თემის გამოყენება სცადეს და არ გამოუვიდათ. ახლა „რუსთავი 2“-ის თემით ცდილობდნენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას. 2001 და 2003 წლებისგან განსხვავებით, ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოიყვანეს, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ ამ საქმეზე ხელს აიღებენ. დესტაბილიზაციის მოსაწყობად მათ კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ“, – აცხადებს ბათიაშვილი.
მისივე განცხადებით, გეგმის თანახმად, აქ უნდა შეიქმნას არეულობის კერები და ამისთვის „ნაციონალებმა“ სოციალური უკმაყოფილება უნდა გამოიყენონ.
„სააკაშვილმა უნდა უზრუნველყოს უკრაინიდან საქართველოში შეიარაღებული ჯგუფების შემოყვანა. ეს ბოლო ამბავი სახუმარო ნამდვილად არ არის, რადგან დიდი რაოდენობით ნაბრძოლი ხალხის შემოყვანაზეა საუბარი. ამისთვის რომ ემზადებიან, ამაზე უკრაინულ „ვიკილიქსში“ გამოქვეყნებული მასალებიც მეტყველებს. „ნაციონალებს“ აქვთ სხვა ბერკეტებიც, კერძოდ, ძალოვან სტრუქტურებში ჰყავთ ბევრი ხალხი. მათგან მისდით საჭირო ინფორმაცია. სამწუხაროა, ისიც, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვეს. გიორგი მარგველაშვილის გარშემო რაღაც ბანაკივით იქმნება. ამ ადამიანს ვურჩევ, დროზე გამოფხიზლდეს, თორემ ძალიან ცუდ პროცესებში შეიძლება ჩაითრიონ“, – აცხადებს ბათიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები