ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5“-ის განხორციელების მიზნით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. პროექტისათვის ADB-ი გამოყოფს დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომლითაც 2016 -2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, დაფინანსდება კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დღესვე საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წელს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში. FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით: I პროექტი: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა. II პროექტი: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. III პროექტი: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა. IV პროექტი: ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები