ნიკოლოზ მჟავანაძე: ნიკა გვარამიას მძევლად ჰყავს აყვანილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები

„ნიკა გვარამიას მძევლად ჰყავს აყვანილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები“ – ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. მჟავანაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ხელფასებზეც საუბრობს. მისი თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტებს საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს უხდიან და თითოეულ მათგანს ბანკებიდან სხვადასხვა რაოდენობის კრედიტები აქვს აღებული.
„ზოგიერთს „რუსთავი 2“-ზე 10-12 ათასი ლარი აქვს ხელფასი, ზოგს – 6-8 ათასი ლარი. ამ ხალხს ბანკებიდან კრედიტები აქვს აღებული და ნიკა გვარამიას მძევლები იმიტომ არიან, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, ჰგონიათ, თუ ქიბარ ხალვაში ტელევიზიას დაიბრუნებს, მათ აუცილებლად მოუწევთ იქაურობის დატოვება. ესენი არიან პროვოკატორები“, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
უფლებადამცველი ამავე ინტერვიუში იმ საფრთხეებზეც საუბრობს, თუ რა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ნიკოლოზ მჟავანაძე აღნიშნავს, რომ თუ მოსამართლემ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა, ტელევიზიის თანამშრომლები შენობის დატოვებას არ აპირებენ და პროვოკაციასაც გეგმავენ.
„საფრთხე რეალურია. „რუსთავი 2“-ის ეზოში გაშლილ კარვებში, სააკაშვილისა და ბოკერიას ბრძანებით, უკვე დააბინავეს და დააწვინეს ზონდერები და შეზიდეს „დუბინკებიც“.
ესენი ემზადებიან იმ დღისთვის, როცა სასამართლოს წაგების შემთხვევაში „რუსთავი 2“- ში აღსრულების ბიურო შევა. გვარამია, უდუმაშვილი და დანარჩენი ნაცისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის შენობას ნებით არ დატოვებენ, ანუ ემზადებიან პროვოკაციისთვის და სისხლისღვრისთვის. არ დაგვავიწყდეს ჩერგოლეიშვილის განცხადებაც, როცა მან თქვა, თუ „რუსთავი 2“-ს პროცესი წავაგეთ, გვაქვს გეგმა „ბ“, რომლითაც ღარიბაშვილის ხელისუფლებას ჩამოვიშორებთო!
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება დაწყებულია! შექმნილი სიტუაცია ძალიან მაგონებს 90-იან წლების საქართველოს. 1990 წლის 28 ოქტომბერს, როცა ზვიად გამსახურდიამ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა, იმავე საღამოს „თბილისი-მოსკოვის“ საჰაერო რეისს გაჰყვა დაახლოებით ორმოცდაათამდე ცნობილი ქართველი, რომლებიც ჩავიდნენ შევარდნაძესთან და დაიწყეს მოთქმა – გვიშველეთ, გამსახურდია გვახრჩობს, გვკლავსო! აი, სწორედ იმ დღეს დაიგეგმა საქართველოს სისხლში ჩახრჩობა და ქვეყნის გადატრიალება. ახლა ჩავრთე ტელევიზორი და დავინახე ირაკლი ალასანია, რომელიც ნაციონალებთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ცრემლებს ზუსტად ისე აღვარვარებდა, როგორც მისი წინამორბედი – ქვეყანაში დიქტატურააო!“ – აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები