Human Rights Watch – რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა
სულ მცირე 2 საჰაერო დარტყმა, რომელიც რუსეთმა ჰომსის პროვინციაში 15 ოქტომბერს განახორციელა, არის ომის კანონების დარღვევა. ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მოხსენებაშია მითითებული.
უფლებადამცველები ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამ საჰაერო დარტყმების შედეგად 59 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. 33 დაღუპული ბავშვია, ხოლო ერთი – ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მეთაური.
“ჰომსის პროვინციაში ავიადარტყმების დროს მშვიდობიან მოსახლეობას არა აქვს საშუალება, დაიმალოს ან თავი შეაფაროს. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მიღებულია ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რომ მშვიდობიან ადამიანებს საშუალება აქვთ თავი აარიდონ ავიადარტყმებს. ასევე რუსეთმა უნდა გამოიძიოს ფაქტები, როდესაც დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა“, – წერს Human Rights Watch-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი ნადიმ ჰური.
რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ არაერთხელ ადანაშაულებდა მოსკოვს, რომ ის დარტყმებს ახორციელებს სირიის ოპოზიციის ძალებზე და იმ რაიონებზე, სადაც იმყოფებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.