ემზარ კვიციანი: აუცილებლად უნდა მოხდეს „რუსთავი 2“-ს „დე-ყალბიზაცია“!

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმაურება. როგორც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქიბარ ხალვაშის კმაყოფილი არ არის, ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს.
ამავე ინტერვიუში ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ როდესაც კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს „რუსთავი 2“ აშუქებდა, მაშინ ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში იყო. მისივე თქმით, მაშინ ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილის პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
„რუსთავი 2“-ს მართალი სიტყვა ოდესმე უთქვამს? ჭორს გაგივრცელებდნენ და მერე თავი უნდა გემართლებინა. თუ ქიბარ ხალვაში დაიბრუნებს კუთვნილ ქონებას, რა ქარხანას გახსნის შიგნით?! მისი მადლიერი არ ვარ – როცა კოდორის მოვლენები იყო, სწორედ ხალვაში გახლდათ „რუსთავი 2“-ის მეპატრონე და სააკაშვილის პროკურატურა მასზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონიერ მფლობელს ქონება არ დაუბრუნდეს. აუცილებლად უნდა მოხდეს „რუსთავი 2“ -ს „დე-ყალბიზაცია“!
ვინ არის ნიკა გვარამია, ასეთ ჰონორით რომ ლაპარაკობს?! ერთი ნაძირალაა, რომელსაც შავ დღეში ჰყავდა საქართველო და დღესაც ყველაფერზე ხელის მომწერია. ახია ხელისუფლებაზე, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება მისცა დამნაშავეებს! წიკლაურები, ხერხეულიძეები და მათნაირები ქვეყნის გამყიდველები დღეს რომ ხმას იღებენ, სწორედ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ნომერ პირველი დანაშაული!
დღეს „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბულობის პროვოცირება მოახდინონ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ! „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ატეხილი კამპანია აქეთკენ არის მიმართული. ვფიქრობ, სამეგრელოს სამალავებიდან ამოღებული შემზარავი კადრებიც შემთხვევით არ გაუვრცელებიათ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ამაზრზენი კადრები თავად „ნაციონალებს“ გამოეტანათ სიტუაციის ასარევად.
„ნაციონალები“ ისეთ ჰონორზე არიან, ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ რუსმა სააკაშვილი ტანკზე ამხედრებული შემოიყვანოს საქართველოში, სააკაშვილი რუსეთის მოწინააღმდეგე რომ ყოფილიყო, ხუთ წუთში გაანადგურებდნენ, მითუმეტეს ოდესაში, რომლის მოსახლეობის 90 პროცენტი პრორუსულია“, – აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები