მამია სანადირაძე: ძმები ყარამანიშვილების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა “კავკასუს ონლაინი”

საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესში, მათ შორის “რუსთავი 2”-შიც, ძმები ყარამანიშვილები ნომინალური მეპატრონეები არიან და სინამდვილეში მათ ზურგს უკან სააკაშვილი დგას, – ამის შესახებ “კავკასუს ონლაინის” ყოფილმა მფლობელმა, მამია სანადირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მამია სანადირაძე გამოცემასთან აცხადებს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ძმები ყარამანიშვილების მეშვეობით წაართვა მას კომპანია.
“საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესში, მათ შორის “რუსთავი 2”-შიც, ძმები ყარამანიშვილები ნომინალური მეპატრონეები არიან და სინამდვილეში მათ ზურგს უკან სააკაშვილი დგას. “კავკასუსში” წილებს ოფშორში რეგისტრირებული “ნელგადოს” საშუალებით ფლობდა, ხოლო “ბილაინში” – “დელგადოს” საშუალებით. ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა “კავკასუს ონლაინი”. ოფშორში დაარეგისტრირეს კომპანია “ნელგადო”, რომლის დირექტორი წლების განმავლობაში ლევან ყარამანიშვილი იყო და რომელიც კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და ზღვაში ჩადებული კაბელის თანამფლობელი გახდა.
დაახლოებით ორი წელია მას შემდეგ, რაც ვიჩივლე საქართველოს სასამართლოში, ყარამანიშვილი გადადგა ამ კომპანიის დირექტორობიდან. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ეს ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც წილებს ფლობენ “ბილაინშიც” და “კავკასუს ონლაინშიც”, – აცხადებს სანადირაძე.
მისივე თქმით, დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით, ამჟამად კრედიტებით დატვირთული კომპანიის გაყიდვა იგეგმება.
“ახლა ცდილობენ, რომ უკვე კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ.
“თურქტელეკომი” დაინტერესებულია “კავკასუსის” შეძენით. დამირეკეს და მკითხეს, როგორ მიდის ჩემი სასამართლოს პროცესი. ასე რომ, თურქები და რუსები, რომელთაც თავის დროზე არ მივყიდეთ ჩვენი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას. მეც ვიშოვე ინვესტორი და თავად მინდა მისი ყიდვა. მაგრამ მათ, ვის ხელშიც დღეს ჩემი კომპანიაა, დიდი სურვილი არ აქვთ, რომ მომყიდონ, რადგან ხუთი წლის განმავლობაში კომპანიაში ჩადენილი უკანონობა გამომჟღავნდება. სიტყვით კი მეუბნებიან, რომ თითქოს უარზე არ არიან, მაგრამ როცა საქმე იქამდე მიდის, რომ კაბელი საბაზრო ფასში ვიყიდო, კონკრეტულად არაფერს მეუბნებიან. სამი წელია ჩემი საქმე გამოუძიებელია, ამასობაში შეიძლება ეს კომპანია გაიყიდოს, მაგრამ მეორე მხრივ, მყიდველი ფიქრობს იმასაც, რომ ეს ქონება შესაძლოა ნებისმიერ დროს სადავო შეიქნეს”, – აღნიშნავს სანადირაძე და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქები ან რუსები შეიძენენ ზემოაღნიშნულ კაბელს, ფაქტობრივად, ჩაკეტენ საქართველოს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ.
“თუ თურქები ან რუსები შეიძენენ ამ კაბელს, ფაქტობრივად, ჩაკეტავენ საქართველოს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ.
ფიქსირებული ფასებით შემოვლენ ბაზარზე, როგორც მანამდე ჰქონდათ და ინტერნეტს მნიშვნელოვნად გააძვირებენ. თავის დროზე, სანამ ეს კაბელი არ გვქონდა, “როსტელეკომსა” და თურქულ “დელტაკომს” 1.000 ევროს ვუხდიდით 1 მეგაბიტ ინტერნეტში, როცა ევროპაში 10 ევრო ღირდა. კაბელი თუ მათ ხელში ჩავარდება, პოლიტიკურ რისკებთან ერთად, დიდი ეკონომიკური რისკებიც არსებობს.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ყველა ის მონოპოლისტი, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე შექმნა, დღემდე არსებობს.
დღეს ეს მონოპოლისტები აგრძელებენ ისევ ხალხის ძარცვას და უდიდესი ფული შესდის სააკაშვილს საქართველოდან. იმდენად დიდი ფული შესდის, რომ აფინანსებს მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც ხორციელდება მოსმენები, თვალთვალი, შანტაჟი და სხვა აქტივობები.
დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “კავკასუს ონლაინში” შტატები გაბერილია და “ნაციონალური მოძრაობის” ყველა აქტივისტი და ზონდერი ამ კომპანიაში იღებს ხელფასს. გარდა ამისა, თუ რამე აპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული ჩემს შემდეგ, ყველაფერი ისევ მუშაობს და ისევ უსმენენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს მთავრობა, ჩემდა გასაკვირად, ყველაფრის უფლებას აძლევს”, – აცხადებს მამია სანადირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები