ძიძიგური: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება და ჩვენ მასთან ხშირი კონსულტაციები გვექნება
„ მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება. შემოვა ისევ თავისი პარტიის ოფისში და ჩვენ მასთან ხშირი კონსულტაციები გვექნება“, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.
ძიძიგური დარწმუნებულია, ივანიშვილის პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ვისაც რა ენერგია, პოზიტივი და გამოცდილება აქვს კოალიციაში, ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.
„მე ძალიან მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ჩვენთვის არც მომგებიანია და გარკვეული დისკომფორტის მომტანიცაა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, შეეკრიბა თავის ირგვლივ ის კოალიცია, რომელიც დღეს არსებობს. რომ არა ის, ჩვენ ერთმანეთთან საერთო ენის გამოძებნას ვერასდროს მოვახერხებდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ, ვისაც რა ენერგია, პოზიტივი და გამოცდილება გვაქვს, ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ბიძინას ამის უნარი აქვს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.