თინა ხიდაშელი: საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა
საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არა მადლობის გამო, არამედ მსოფლიოს საზოგადოების წევრობის სურვილით კეთდება.
“ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა გადაიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიოს საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება, ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ხიდაშელმა ასევე ისაუბრა იმ მძიმე გარემოზე, რომელშიც საქართველოს უწევს მუშაობა.
”საქართველო ყოველდღიურად მუშაობს მძიმე გარემოში, რომელიც განსხვავდება სხვა ასპირანტი ქვეყნებისგან, რაც უნდა გვახსოვდეს, როცა საქართველოს ვადარებთ ლიტვას და ესტონეთს. როცა შენს მოსახლეობას ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებენ, როცა საზღვრები თითქოს ყოველდღიურად იცვლება, როცა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები შემოდიან და არღვევენ შენს სივრცეს, ეს ყოველდღიურ გეგმას ცვლის. ეს არის ძალიან განსხვავებული კონტექსტი, რაც ზოგჯერ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვავიწყდება, ამ დროს ეს არის რეალური ვითარება”, – განაცხადა ხიდაშელმა.