ნიკა გვარამია: ვადასტურებ, სააკაშვილთან ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, “რუსთავი 2”-ზეც

ვადასტურებ, სააკაშვილთან მართლაც ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, “რუსთავი 2”-ზეც, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ გენერალური დირექტორი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. გავარამიას თქმით, სააკაშვილთან საუბარი მითითებების მიღებას არ ნიშნავს.
„ხელისუფლებისთვის სააკაშვილი იმდენად ტოქსიკური ადამიანია, რომ მასთან ნებისმიერი ტიპის საუბარი კომპრომატი ჰგონიათ. ვადასტურებ, სააკაშვილთან, მართლაც, ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, “რუსთავი 2”-ზეც. ის ჩემი მეგობარია და მისი აზრი ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის მაინტერესებს. სააკაშვილთან საუბარი მითითებების მიღებას არ ნიშნავს… ფაქტია, რომ ხელისუფლებას როგორც რეგიონებში, ისე თბილისში ჩატარებული მრავალათასიანი კონცერტების შეეშინდა. ქიბარ ხალვაში პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბათუმში ტელეკომპანიის ორგანიზებულ კონცერტზე 50 ათასი კაცი მოვიდა. უამრავმა ადამიანმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და ეს აღიზიანებთ! თავის დროზე, ჩვენც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, თუმცა წინა მთავრობა ქვეყანას მეტ-ნაკლებად კვალიფიციურად მართავდა და კარგი საქმეებიც კეთდებოდა. ცუდია, რომ მმართველი გუნდი დღესაც იმავე მდინარეში შედის და ყველაფერთან ერთად, ვერც ქვეყნის მართვას ახერხებს. “ქართული ოცნება” ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი ყოფილიყო, “რუსთავი 2”-ის შენობას ნებით არ დავტოვებ, რადგან ურთმელიძე მოსამართლე კი არა, დაქირავებული ზონდერია. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებაც ჩვენთვის არალეგიტიმურია“, – აცხადებს გვარამია.
მისი თქმით, გადავა თუ არა პროცესები ქუჩაში, ამას მომავალი აჩვენებს.
“არ ვიცი, სახელმწიფო რას გადაწყვეტს, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს იმეორებს. გადავა თუ არა პროცესები ქუჩაში, მომავალი გვიჩვენებს. კანონის ფარგლებში ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ“, – აცხადებს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები