საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესი განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა ამის ნათელი დადასტურება იყო. შეხვედრისას ასევე დეტალურად განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. აღინიშნა, რომ სამიტზე ადეკვატურად უნდა აისახოს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ეს სამიტი უნდა იყოს გაწევრიანებისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს, ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისათვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და გართულებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.