თინათინ ხიდაშელი: ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ავტორიტეტული უცხოური და ადგილობრივი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. წინ გვაქვს დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატოს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატოსთვის”,- განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.
„მართალია ჩვენი უსაფრთხოების წინაშე იდგა მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა იმავე სულისკვეთებით, როგორც ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის კონსტრუქციის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი მეზობლებისათვის და რომელიც მხოლოდ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას.“
ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან ურთიეთობებზე და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) დირექტორმა რობერტ ონდრეიცსაკმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის, (GFSIS) ევროკავშირის კვლევების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.
კონფერენციის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა რეკომენდაციების, გამოცდილებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე და ნატოს ვარშავის სამიტამდე განსაკუთრებით მნიშნველოვანია ამ ფორმატის გამოყენება საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ღია დისკუსიებისთვის.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დახურული სესია მედიის წარმომადგენლებისთვის.
თავდაცვის მინისტრმა ფორუმის გახსნის შემდეგ მედიასთან კონფერენციის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ორი წელია იმართება. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია 2016 წლის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისთვის. მოგეხსენებათ, მომავალ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია და ვგეგმავთ 26 მაისის კვირეულის ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრებით დატვირთული ღონისძიება გვქონდეს, რომელიც ვარშავის სამიტის წინ თბილისიდან ერთგვარი მთავარი გზავნილის მატარებელი იქნება ყველასთვის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება.