საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, 26-28 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს და ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს შეხვდება.
მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს კონრად ადენაურის ფონდის თავმჯდომარესთან ჰანს-გერტ პოეტერინგთან, მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან და გერმანელ ექსპერტებთან. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის გენერალურ მდივანს რაინერ ლინდნერს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარეს მარკუს ფელზნერს.