ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი
ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ევროატლანტიკური ამბიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“ განაცხადა.
როგორც პრემიერმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი.
“მეორე მხრივ, მე ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ევროატლანტიკური ამბიციები. ჩვენ ვართ ქვეყანა გახსნილი გონებითა და გლობალური კავშირებით, რომელიც მზად არის კავშირების განმტკიცებისთვის არა მხოლოდ თავის სამეზობლოში, არამედ ყველა კონტინენტზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალ-ღონეს არ დაიშურებს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.
“საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. უცხოური ინვესტიციები იზრდება. მსოფლიო ბანკისა და სხვა სააგენტოების რეიტინგებში ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ჩვენი მაჩვენებლები მაღალია. შიდა სტაბილურობა და გარე უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენი რეგიონი რთულია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და არ დაიშურებს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.