პრემიერი: საქართველომ უჩვენა, რომ მზად არის, იმაზე მეტი გააკეთოს ნატოს მიზნების მისაღწევად, ვიდრე მოეთხოვება
საქართველომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ თავის მომავალს ხედავს თავისუფალი ქვეყნების ევროატლანტიკური ალიანსში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველომ უჩვენა, რომ მზად არის იმაზე მეტი გააკეთოს ნატოს მიზნების მისაღწევად, ვიდრე მოეთხოვება.
“ჩემი ღრმა რწმენით, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორები და მოკავშირეები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არჩევანი არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენს რეგიონში. პირიქით, ჩვენი მჭიდრო კავშირები ნატოსთან კიდევ უფრო გაძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას. 2014 წლის სექტემბერში, უელსის სამიტზე, საქართველოსთვის დამტკიცდა “არსებითი პაკეტი”, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრების მოსამზადებელ ეტაპზე მოიცავს ზომებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
ივლისში საქართველოში ჩატარდა ნატოს საერთაშორისო სამხედრო წვრთნები “მებრძოლი სული – 2015”, ხოლო აგვისტოში კრწანისში ნატო-საქართველოს ტრენინგისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნაზე დასასწრებად თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არა მხოლოდ ხაზი გაუსვა საქართველოს წინსვლას რეფორმების განხორციელების გზაზე, არამედ განაცხადა კიდეც, რომ “საქართველოს უკვე აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები გაწევრების გზაზე პროგრესის მისაღწევად”.
გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების “შუბის წვერის” ძალებს და მის რიგებს 130 მებრძოლი შემატა. ბოლო წლებში საქართველომ უჩვენა, რომ მზად არის იმაზე მეტი გააკეთოს ალიანსის მიზნების მისაღწევად, ვიდრე მას მოეთხოვება. აშშ-ის შემდეგ ჩვენ ყველაზე მეტი მებრძოლი გავაგზავნეთ ავღანეთში ურყევი მხარდაჭერის მისიის ფარგლებში. დღესაც 870 ქართველი იქ მსახურებს,საქართველოს წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ამით არ მთავრდება და საქართველო ასევე უჭერს მხარს ევროკავშირის სამშვიდობო ძალისხმევას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში სიდიდით მეორე წვლილის შეტანის ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.