თინა ხიდაშელმა მოლდაველ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდავეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სალარუ სტუმრობს. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში უმასპინძლა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს. თინათინ ხიდაშელმა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო ურთიერთობაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მოლდაველი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წვრთნების გავლა შესთავაზა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაცია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდასა და რეგიონულ სტაბილურობას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით მათი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მოლდავეთს.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების წინაშე დგას. ეს პრობლემები და გამოწვევები ერთმანეთისგან ძალიან არ განსხვავდება. მოლდავეთში, ისევე როგორც საქართველოში, ოკუპაციის პრობლემაა. მოლდავეთი, ისევე როგორც საქართველო, საკუთარი ევროპული არჩევანის გასამყარებლად და უზრუნველსაყოფად იბრძვის. შევეხეთ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსაც. საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით მათი, ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მოლდავეთის შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის სამინისტროს როგორც სამხედრო, ასევე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის საქმეში,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
უწყების ცნობთ, ანატოლი სალარუმ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საერთო გამოწვევების შესახებ გაამახვილა ყურადღება. „20 წლის შემდეგ ორმხრივ თანამშრომლობას ვანახლებთ. 2014 წელს საქართველოში ჩვენი მხრიდან ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა, რის შემდეგაც თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. ჩვენი ქვეყნები ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად მიისწრაფვიან. ამ მიზნის მისაღწევად ორივე ქვეყანას ძლიერი თავდაცვის უწყება, ძლიერი შეიარაღებული ძალები ესაჭიროება, რათა იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენი ევროპული გზის თვალსაზრისით გვხვდება. ჩვენ ბევრის შეძენა შეგვიძლია ქართული მხარისგან, რადგან თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ბრძანდებით ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით და, შესაბამისად, თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. დაგეგმილი გვაქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გამოგზავნა საქართველოში ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გამოცდილების მისაღებად. მოლდაველი ექსპერტებიც ჩამოვლენ საქართველოში, რათა თქვენ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები შეისწავლონ. ჩვენ იგივე საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც საქართველო. ეს საფრთხეები, რომელი მხრისგანაც მოდის, ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, ჩვენც იგივე კონტექტში გვიწევს მუშაობა“,- განაცხადა სალარუმ და ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მოლდავეთში მიიწვია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანატოლი სალარუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია მოლდავეთის თავდაცვის მინისტრის სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები