ნატოს კვირეული გაიხსნა

ნატოს კვირეული 2015 დაიწყო. კვირეული საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო და ნატოს ჰიმნებით გაიხსნა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათ საქართველოში ნატოს კვირეულის ჩატარებისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გლობალური უსაფრთხოების საქმეში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ISAF-სა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველ სამხედროებს უმაღლესი მთავარსარდალი გაესაუბრა და წარმატებები უსურვა. ნატოს კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. დაგეგმილია მინისტრისა და მისი მოადგილეების საჯარო ლექციები საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ახალგაზრდებთან, ასევე ნატოს ეგიდით ავღანეთის საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.

ნატოს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები