გიორგი კვირიკაშვილი: ნატოს წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია

ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, 66-წლიანი არსებობის მანძილზე, ნატომ დაადასტურა, რომ უახლოეს ისტორიაში ყველაზე უფრო მტკიცე და წარმატებული ალიანსია.
“ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რომელთანაც უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. 66-წლიანი არსებობის მანძილზე, ნატომ დაადასტურა, რომ უახლოეს ისტორიაში ყველაზე უფრო მტკიცე და წარმატებული ალიანსია, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და წარმოადგენს მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას. ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია.
ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს მიაღწიოს წინსვლას ინტეგრაციის რთულ გზაზე. ჩვენ ვახორციელებთ მრავალ რეფორმას, ვაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობას, გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები უსაფრთხოების სფეროში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში, ხოლო ამჟამად საქართველო არის აშშ-ის შემდეგ მეორე ყველაზე უფრო მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
“საქართველოს უკვე ჰყავს ალიანსთან სრულად თავსებადი ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები. სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ინტეგრაციის რთულ გზაზე.
ამ თვალსაზრისით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მუშაობა საგანგებო მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს 10 წლის იუბილეც მიულოცა და მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობაც გადაუცხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე იმ 50 ჯარისკაცს, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ და ყველა მათ თანამებრძოლს, ვინც საკუთარი სამშობლოს ინტერესებს ემსახურება ავღანეთსა და სხვა სამშვიდობო მისიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები