გრიგალმა „პატრისიამ“ მექსიკის სანაპირომდე მიაღწია
გრიგალმა „პატრისიამ“, რომელიც ექსპერტებმა პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესად აღიარეს, მექსიკის სანაპიროს მიაღწია. ამის შესახებ მექსიკის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება.
გრიგალის მიახლოების გამო მექსიკის სანაპირო ზოლიდან 50 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ამ ზონაში დახურულია სკოლები, პორტები და სხვა დაწესებულებები, გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.
გრიგალის ცენტრში ქარის სიჩქარე 325 კმ/სთ-ს შეადგენს. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკასთან მიახლოების შემდეგ გრიგალის სიძლიერე შემცირდა მეოთხე კატეგორიამდე, რომელსაც მანამდე მეხუთე, უმაღლესი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. დროულად ინფორმირების გამო „პატრისიამ“ მექსიკაში მსხვერპლი არ გამოიწვია. CBS-ის ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში მას მცირე წყალდიდობები და მეწყერები მოჰყვა.