„პოზიცია“ პრეზიდენტს მოუწოდებს, სახელმწიფოებრივად იმოქმედოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს პოლიტიკური კლიმატის ესკალაციასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოს უწოდებს და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სახელმწიფოებრივად იმოქმედოს და მსგავსი განცხადებებით მდგომარეობას თავად ნუ გაართულებს.
„დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა, ის განცხადებები, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა, გაუთვლელი და უპასუხისმგებლოა ქვეყნის მთავარსარდლისგან. მსგავს განცხადებებს არათუ ქვეყნის პირველი პირი, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც კი არ უნდა აკეთებდეს. მსგავსი განცხადებებით კონსტიტუციურ წესრიგს თავად გიორგი მარგველაშვილი აყენებს საფრთხეს. მისი ხმაურიანი და ყურადღების მიმქცევი განცხადებები სწორედაც რომ სიტუაციის ესკალაციას ემსახურება“, – აცხადებს „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი.
„პოზიციაში“ პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში პირდაპირი და ღია ჩარევისთვისაც აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა დემონსტრირება მოახდინა, რომ თურმე მას სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა შეუძლია.
გურამ ადამაშვილი: „არც პრეზიდენტს და არც სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირს არანაირი უფლება აქვს, სასამართლოს საქმიანობაში ჩაერიოს, მიუთითოს ან მოუწოდოს, როგორ იმოქმედოს. გიორგი მარგველაშვილის მოწოდება თუ რჩევა, რომ მოსამართლემ ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს, სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე ზეწოლა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს წარსული დრო მოენატრა, როცა სასამართლო სწორედ ხელისუფლების კარნახით იღებდა გადაწყვეტილებებს. მას არანაირი უფლება აქვს, სასამართლოს მითითებები მისცეს და კარგი იქნება, თუ განმარტავს, რას გულისხმობდა და რას ემსახურებოდა მისი ღია და ხმაურიანი მოწოდება მოსამართლის მიმართ“. ადამაშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები იყო მორიგი პოლიტიკური შოუ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავი კიდევ ერთხელ გაიშიფრა და ამ ხმაურიანი განცხადებებით დაადასტურა, რომ ის არასახელმწიფოებრივად მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები