პესკოვი – „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება სახმელეთო ოპერაციის გარეშე შეუძლებელია
სირიის ჯარის წარმატებული ოპერაციის გარეშე „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი მიზანია სირიის ჯარის პოზიციების გამყარება, რადგანაც სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ საჰაერო ოპერაციას შედეგის მოტანა არ შეუძლია და ერთადერთი ძალა, ვისაც ტერორიზმის დამარცხება შეუძლია, სირიაა.
პუტინის პრესმდივნის თქმით, პოლიტიკურ მოგვარებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ტერორისტების დამარცხების შემდეგ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. „არც პარიზს, არც მოსკოვს არც ლონდონს არა აქვთ უფლება ისაუბრონ იმაზე, ვინ უნდა იყოს სირიის პრეზიდენტი, და ვინ -არა“, – განაცხადა პესკოვმა.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში 230 ათასი ადამიანი დაიღუპა, 4 მილიონი კი ლტოლვილად იქცა.