სასწრაფოდ: კრასნოგორსკში ამირან გიორგაძის ცხედარი იპოვეს – მოიკლა თუ არა ქართველმა ბიზნესმენმა თავი
“ინტერფაქსი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სერიულ მკვლელად წოდებული, რუსეთში მოღვაწე ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. წყაროს ცნობით, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ცხედარს კრასნოგორსკის რაიონში, ერთ-ერთ კერძო ბინაში მიაკვლიეს. წინასწარი ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მკვლელობა მოსკოვთან ახლოს, 19 ოქტომბერს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სამუშაო კაბინეტში მოკლა ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლიარენკო. გიორგაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გარდა ამისა, ქართველი ბიზნესმენი ეჭვმიტანილი იყო კიდევ ორი ადამიანის – ადგილობრივი მცხოვრებისა (ქუჩაში რიგითი გამვლელი) და ასევე, მისი ბიზნესპარტნიორის მკვლელობაშიც.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგაძეზე ძებნა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა და მისი დაკავების დახმარებაში 1 მილიონი რუსული რუბლის ჯილდოც დააწესა.
აღსანიშნავია, რომ „კვირამ“ რამდენიმე დღის წინ ამირან გიორგაძის და მომხდარი დანაშაულის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.
სტატიის სანახავად იხილეთ ლინკი: ბიზნესმენი თუ სერიული მკვლელი? – ვინ არის სინამდვილეში და რას საქმიანობს რუსეთში, მკვლელობებისთვის ძებნილი ამირან გიორგაძე.