ზაურ დადაევი პუტინს სირიაში საბრძოლველად გაშვებას სთხოვს
ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის გასამართლებული ზაურ დადაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილს უგზავნის და მას სირიაში, ტერორისტებთან საბრძოლველად გაშვებას სთხოვს.
„პატივცემულო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ! მე ახლა მზად ვარ, ჩემი პატრიოტიზმი დავადასტურო, ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რაც თავს გადამხდა. მე მსურს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მივიღო მონაწილეობა. მომეცით შანსი, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო“, – ნათქვამია დადაევის წერილში.
მისი თქმით, აღიარებითი ჩვენება – მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულებაა, მაგრამ ეს ჩვენება მან ზეწოლის გამო მისცა.
„მე რომ არ მიმეცა აღიარებითი ჩვენება, ჩემი და ჩემი თანამებრძოლის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობას გამოყენებდნენ, რომელიც ჩემს მენტალიტეტთან და რელიგიასთან შეუფერებელია. ამის შემდეგ მე ვეღარ ვიცოცხლებდი“, – წერს დადაევი. მისი თქმით, ძალზე გასაკვირია, რომ გამოძიებამ რეალური დამნაშავე ამდენი ხნის მანძილზე ვერ იპოვა.