საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ავტოკატასტროფა – რა მოხდა ბორდოსთან ახლოს (ფოტოკოლაჟი)
ცნობილი ხდება საფრანგეთში დღეს მომხდარი ავტოკატასტროფის ზოგიერთი დეტალი, რომლის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 40 გარდაცვლილის შესახებ. ავარია ქალაქ ბორდოსთან ახლოს, ადგილობრივი დროით დილის რვის ნახევარზე მოხდა. ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შემდეგ ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 60 მეხანძრე ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში მყოფთა შორის მხოლოდ შვიდი ადამიანი გადარჩა. აქედან ოთხი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მგზავრების მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადარჩენა ავტობუსის მძღოლის მოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი. შეჯახების შემდეგ მან კარების გახსნა მოასწრო და რამდენიმე ადამიანი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოიყვანა.
„სატვირთო ავტომობილი პირდაპირ ავტობუსის გზაზე აღმოჩნდა, ამიტომ ავტობუსის მძღოლს შეჯახებისთვის თავის არიდება არ შეეძლო. მას მხოლოდ იმის დრო ჰქონდა, რომ კარები გაეხსნა“, – განაცხადა ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ქსავიე სიუბლემ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ავტობუსში, ძირითადად, ხანში შესული ადამიანები იმყოფებოდნენ და ისინი ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეა. ამჟამად შემთხვევის ადგილას ექიმები, მაშველები და პოლიციელები მუშაობენ. საფრანგეთის ხელისუფლება ავტოკატასტროფის მიზეზების დადგენას ცდილობს, რომელიც ყველაზე საშინელი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა 1982 წლის შემდეგ, როდესაც ქალაქ ბონთან ავარიის შედეგად 53 ადამიანი, მათ შორის 44 ბავშვი დაიღუპა.