ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ათეულობით მძევალი გაათავისუფლეს

ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ათეულობით მძევალი გაათავისუფლეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც სამხედროებმა გაიგეს, რომ ისლამისტები ამ ადამიანების დახვრეტას აპირებდნენ.
შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა ამერიკელი სამხედრო, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს აშშ-ს ჯარის პირველი დანაკარგია გასულ წელს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ქალაქ ჰავიჯასთან, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა, ამასთანავე, სამხედროებმა რამდენიმე „ბოევიკი“ მოკლეს და ხუთი მათგანი ტყვედ აიყვანეს.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულია 70-მდე მძევალი. მათ შორის არიან ერაყის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ისლამისტების წინააღმდეგ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები