კამჩატკაზე შიველუჩის ვულკანი ამოიფრქვა
კამჩატკაზე შიველუჩის ვულკანის გააქტიურება დაფიქსირდა. ვულკანის ფერფლი 6 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. რუსეთის გეოფიზიკური სამსახურის ინფორმაციით, ფერფლი ოზიორნის ყურისკენ წავიდა და ამ ადგილას დასახლებული პუნქტები არ მდებარეობს.
„ზაფხულის განმავლობაში შიველუჩის აქტივობის შემცირება იყო დაფიქსირებული. სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში ვულკანმა კვლავ გაიღვიძა. ბოლო ძლიერი ამოფრქვევა 8 ოქტომბერს მოხდა, მან ლავის ნაკადი გამოიწვია, რომელმაც მდინარე ბეკეშის შესართავს მიაღწია. ამჟამად შიველუჩზე დაკვირვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეუძლებელია“, – განაცხადა კამჩატკის ვულკანური სადგურის უფროსმა იური დემიანჩუკმა.
შიველუჩი კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვულკანია. ის დასახლება კლიუჩიდან 45 კილომეტრში, 3307 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.