აშშ-მ მოსკოვში ბაშარ ასადის ვიზიტი გააკრიტიკა
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოსკოვში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ვიზიტი გააკრიტიკა. თეთრი სახლი მოსკოვში ასადის გულთბილი მიღებით უკმაყოფილოა.
თავის მხრივ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მისთვის ეს ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა.
„თუ გავითვალისწინებთ რუსეთისა და სირიის ურთიერთობას და იმ სამხედრო კამპანიას, რასაც რუსეთი სირიაში ბაშარ ასადის ინტერესებში აწარმოებს, გასაკვირი არ არის, რომ ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა“, – განაცხადა კირბიმ.
ასადი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვიდან სამი კვირის შემდეგ. ბაშარ ასადი დამასკოდან 2011 წლიდან, სირიაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ არ გასულა.
მოსკოვში ვიზიტის დროს სირიის პრეზიდენტმა რუსეთს მადლობა გადაუხადა სამხედრო კონფლიქტში ჩართვის გამო, რაც „სირიაში საერთაშორისო ტერორიზმის გავრცელებას ხელს შეუშლის“.