ძმამ და „უმსგავსო საქციელისთვის“ გაგუდა
ბაქოს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტოფიგ გადიროვს, რომელმაც საკუთარი და, რამილია გადიროვა პირსახოცით გაგუდა. სასამართლოს ინფორმაციით, რამილია გადიროვა რამდენიმე წლის წინ სახლიდან წავიდა და ერთ-ერთ მამაკაცთან სამოქალაქო ქორწინებაში ერთად ცხოვრობდა. ამის შემდეგ ტოფიგი დას გარკვეული პერიოდი არ ელაპარაკებოდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დას შეურიგდა.
სწორედ ამ დროს რამილია ქმარს გაეყარა და ის ბავშვთან ერთად ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც ასევე ცოლ-შვილი ჰყავდა. გარკვეული პერიოდი რამილია გადიროვა სახლიდან არ გადიოდა და ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თუმცა მალე მან სახლიდან გასვლა და გვიან დაბრუნება დაიწყო. ტოფიგამდე მივიდა ჭორები, რომ მისი და „უმსგავსოდ იქცევა“ და მათ შორის კონფლიქტი მოხდა. სწორედ ამ დროს ტოფიგ გადიროვმა და პირსახოცით გაგუდა. ტოფიგის ნათესავების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები შეენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ის დამნაშავეს ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.