კადიროვის თქმით, საქართველოდან ჩეჩნეთში ტერორისტები ვერ გადავლენ
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ვერ გადავლენ და ნებისმიერი განცხადება ამის შესახებ საფუძველს მოკლებულია. კადიროვმა ეს განცხადება ჩეჩნეთში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსთან, ნიკოლაი პანჩენკოსთან საზღვრის მონახულების დროს გააკეთა.
კადიროვმა მესაზღვრეების მომზადების მაღალი დონე აღნიშნა. „ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ისლამისტები საზღვარზე გადასვლას შეძლებენ, საფუძველს მოკლებულია, მე მესაზღვრეებთან ურთიერთობით კმაყოფილი ვარ. დავრწმუნდი, რომ ყველა სასაზღვრო პოსტი კარგად არის მოწყობილი, პატრულირება შესანიშნავად მიმდინარეობს, ტექნიკური საშუალებები უმაღლეს დონეზეა. მესაზღვრეები ველურ კატასაც კი აფიქსირებენ, რომელიც მთაში მიდის,“ – განაცხადა კადიროვმა.
რამხან კადიროვი ამბობს, რომ მესაზღვრეების საყოფაცხოვრებო და სხვა სახის პრობლემების მოგვარება რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მუდმივ კონტროლზე უნდა იყოს.